დიდ ბრიტანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

28.05.2019 დიდი ბრიტანეთი - ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასთან თანამშრომლობით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
 
ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქვეყნისთვის ამ დღის მნიშვნელობასა და დიასპორის როლზე ისაუბრა.
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
 
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა - ლონდონში მოქმედმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „ფესვებმა“, პოეტმა ხათუნა შავგულიძემ, მომღერალმა ოთო მაისურაძემ და მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.
 
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატში პირველად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით