დიდ ბრიტანეთში საქართველოს საპარლამენტო სისტემის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14.07.2019 დიდი ბრიტანეთი- გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა ჯგუფმა და ლონდონში საქართველოს საელჩომ ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საპარლამენტო სისტემის 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლიმ გახსნეს.

საქარტველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ ერთი საუკუნის წინ ახლად დაარსებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია დამფუძნებელი კრება. პირველი ქართული საკანონმდებლო ორგანო დაფუძნებული იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. მრავალპარტიული ორგანო თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესს წარმოადგენდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ არჩევნების შედეგად კრების წევრი გახდა ხუთი ქალი, მათ შორის ერთი მუსლიმი აღმსარებლობის, იმ დროს, როდესაც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ქალებს ჯერ ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ.

იუბილეს ისტორიული მნიშვნელობის გარდა, ელჩმა ასევე ისაუბრა თანამედროვე საქართველოსთვის მის როლზე, რადგან დღევანდელი საქართველო დიდწილად სწორედ პირველი რესპუბლიკის დემოკრატიულ ღირებულებებზე, იდეებსა და მიდგომებზე აგრძელებს განვითარებას. 
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ღონისძიების ფარგლებში დაეთვალიერებინათ გამოფენა, რომელიც დამფუძნებელი კრების წევრების, მათი მთავარი მიღწევებისა და ზოგადად, კრებასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს მოიცავდა.

ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბრიტანული სასტიპენდიო პროგრამა „ჩივნინგის“ სტუდენტები დაესწრნენ. დასასრულს საელჩომ სტუმრებისთვის მიღება გამართა.