დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ტორონტოს თამაშების მჯდომარე ფრენბურთში გამარჯვებული ქართველების შემართებაზე ისაუბრა

30.09.2017 ტორონტო - ტორონტოში საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების „Invictus Games“ საზეიმოდ დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ კანადის პრემიერ მინისტრის მეუღლე სოფი ტრუდო, თამაშების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბერნსი, კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერი კეთლინ ვინი და Invictus-ის თამაშების დამაარსებელი პრინცი ჰარი.

პრინცმა ისაუბრა სპორტის როლზე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში. მან მოუწოდა თამაშების მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს, ჩართონ ისინი თამაშებში, იმუშავონ საზოგადოებასთან, რათა დაეხმარონ სხვა დაჭრილ სამხედროებს.

„თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ  მასშტაბს, რისი მოწმენიც გავხდით თამაშებზე. გაგაფრთხილეთ,  ყოფილიყავით მზად კონკურენციისთვის, თუმცა არცერთი ჩვენგანი ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ არცკი ჰქონდა მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილება, ოქროს მედალს მოიპოვებდა - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

თამაშების დახურვის ცერემონიას დაესწრო კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. მან ღონისძიების ორგანიზატორებს და უშუალოდ პრინც ჰარის მადლობა გადაუხადა  საქართველოს გუნდისადმი  გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.  

კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში ასევე ქართველი ძიუდოისტის კობა ჩიმჩიურის მიერ დაარსებული ბავშვთა ჭიდაობის ცენტრი მოინახულა. აღნიშნულ ცენტრში კანადაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ვარჯიშობენ, რომლებიც  ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას სწავლობენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კანადის კრივის ნაკრების მწვრთნელი, წარმოშობით უკრაინელი ბორის გიტმანი. შეხვედრაზე განიხილეს  ტორონტოში ერთობლივი ახალგაზრდული კანადურ-ქართულ-უკრაინული კრივის ჩატარების შესაძლებლობა.