დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ფილმი "ცასწავალას“ ჩვენება გაიმართა

17.06.2017 ლონდონი - ​დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორ მარიამ ადამაშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმის სახელწოდებაა "ცასწავალა", რომელსაც რეჟისორმა სიმბოლურად გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით უწოდა. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. კინოსურათი წარმოადგინა თავად ავტორმა, რომელმაც გოდერძი ჩოხელის მოღვაწეობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

"ცასწავალა" მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია. მასში გამოყენებულია მწერლისა და რეჟისორის ოჯახის საარქივო ვიდეო და ფოტომასალა. კინოსურათში გოდერძი ჩოხელს იხსენებენ მისივე ლექტორები, მეგობრები და თანასოფლელები, მათ შორის რეჟისორები ლანა ღოღობერიძე და რეზო ჩხეიძე, ასევე კოსტუმებისა და კინომხატვრები, რომლებიც გოდერძი ჩოხელთან ერთად მუშაობდნენ ფილმებზე. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ იქმნებოდა გოდერძი ჩოხელის ფილმები, როგორი იყო ის, როცა წერდა და ასევე მწერლისა და რეჟისორის ცხოვრების ბევრი სხვა უცნობი დეტალი.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ადამაშვილი ინგლისში ლონდონის კინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კურსს ესწრება დოკუმენტური კინოს შესახებ. მისი ფილმები არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.