„დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა ერთობლივი დეკლარაცია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 2019 წლის თებერვალში პარიზში ოფიციალური ვიზიტისას, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ შექმნის შესახებ.
დიალოგს ეწოდა ქართველი დიდგვაროვანის დიმიტრი ამილახვარის სახელი, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ასევე საპატიო ლეგიონის კავალერი იყო და გმირულად დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ამილახვარის სახელობის დიალოგი თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ამ თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას ასახავს. გარდა ამისა, ამ დიალოგისთვის შერჩეული ფორმატი  მოქნილობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს, რაც საერთო ინტერესების სფეროში შემავალ ყველა საკითხზე თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
2019 წლის 2 დეკემბერს, პარიზში გამართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრის ფარგლებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმნენ საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებს და  სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ნათლად ჩანს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორუმებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელობას, რომელიც მათ საერთო ღირებულებებს, მჭიდრო და მზარდ ორმხრივ კავშირებს ენიჭება, ასევე საერთაშორისო საერთო ინტერესის საკითხებზე მათ აქტიურ პარტნიორობას. საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ყოველწლიურად გამართავენ შეხვედრებს ამილახვარის სახელობის დიალოგის ფარგლებში და გამოხატეს მზადყოფნა სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდის თბილისში 2020 წელს გამართვასთან დაკავშირებით.
 
დიალოგის პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საჯარო მოხელეები, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის ახალი პერსპექტივების განსაზღვრა როგორც ამჟამად არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ისე იმ სექტორებში, სადაც თანამშრომლობა მომავალში უნდა განვითარდეს.
 
პოლიტიკური საკითხები
საქართველოსა და საფრანგეთის მხარეები მიესალმნენ განსაკუთრებით მჭიდრო და ნაყოფიერ როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ ურთიერთობებს, რამაც „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ შექმნა განაპირობა.
საქართველოს და საფრანგეთის მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა არსებული ფორმატების ფარგლებში როგორც საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და ნატო-ს შორის; ამასთან, იმუშაონ ინტენსიურად ამ მიმართებაში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
საქართველოს და საფრანგეთის მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს როგორც საქართველოს სრული რეფორმებისათვის, ასევე იმ დახმარებისათვის რომელსაც ევროკავშირი მათ განსახორციელებლად გამოყოფს. საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ასოცირების/სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებას, რაც ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და ბაზართან თავსებადობის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს და გზას უხსნის სამომავლო დადებით პროგრესს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
ნატო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში, საფრანგეთის მხარემ მაღალი შეფასება მისცა ევრო-ატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი საქართველოს ერთგულებასა და მის განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია, შეაქვს მტკიცე და უწყვეტი წვლილი ნატო-ს რეაგირების ძალებში და მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე, საქართველოსა და საფრანგეთის მხარეებმა მოიხსენიეს ნატო-ს სამიტების შესაბამისი დეკლარაციები, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩათვლით.
   საქართველოს და საფრანგეთის მხარეებმა განიხილეს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაციის გაუარესება, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ მიმართულებით მცდელობებს, ვითარების გართულებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ დახურვას, რაც ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. ორივე მხარემ მოითხოვა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს  იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის საკუთარ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. საფრანგეთმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ, რომლის მიზანია ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის  ჩართულობისა და ნდობის აღდგენა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაციის მიზნით.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესების საკითხებზე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროსაბჭოსი და განიხილეს არსებული თანამშრომლობის განვითარების გზები.
საქართველოსა და საფრანგეთის მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ექვს-თვიანი თავმჯდომარეობა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთმა საქართველოს გადასცა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს დემოკრატიულ ფასეულობებს, ნორმებსა და სტანდარტებს. საუბარი ასევე შეეხო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას, პრესის თავისუფლებასა და სამართლებრივი ნორმებისადმი ერთგულებას.
მხარეები შეთანხმდნენ, 2020 წლის ივლისში, პარიზში დაგეგმილი ფორუმის „Generation Equality Forum“ მზადების პროცესში კოორდინირებულ მუშაობაზე.
 
თავდაცვის საკითხები
მხარეების მიერ მეტად წარმატებულად იქნა მიჩნეული ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.  
დისკუსია კონკრეტულად შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდეგ ასპექტებს: საჰაერო თავდაცვა, სამთო ქვეითთა ბატალიონის ტაქტიკური სწავლება, საფრანგეთის მხარის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები, საერთაშორისო წვრთნები, თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური კეთილდღეობა.
საფრანგეთს საკუთარი წვლილი შეაქვს განათლების, ასევე სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზების თვალსაზრისით, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, სადაც საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე საფრანგეთი არის პასუხისმგებელი. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში,  საგარეო საქმეთა მინისტრების ვაშინგტონის მინისტერიალზე და ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში, საქართველოში, 2019 წლის 3-4 ოქტომბერს, ასევე აღინიშნა ფრანგული ხომალდების რეგულარული ვიზიტები შავ ზღვაზე. საფრანგეთმა დადებითად შეაფასა საქართველო-ნატოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ როლი.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას და არსებული შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული კრიზისების მართვის მისიებში ერთობლივ ძალისხმევას და მიესალმნენ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საქართველოს და საფრანგეთის მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა ამ საქმიანობის ხელშეწყობის საქმეში.
 
შიდა უსაფრთხოების და მიგრაციის საკითხები
დისკუსიის დროს შეჯამდა მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის შედეგები, რომელიც ეხმიანებოდა საფრანგეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საფუძვლის არმქონე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა.
მხარეებმა აღნიშნეს არსებითი პროგრესი, რაც ორმხრივი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, 2019 წელს (მაისი/ნოემბერი) მინისტრთა ვიზიტების დროს გაფორმებულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში. ორივე მხარე, აგრეთვე, მიესალმა პოლიციებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერებას და დადებითი შედეგების მიღწევისკენ სწრაფვას, რაც განსაკუთრებით გამოიხატა 2019 წლის სექტემბერში სამი ქართველი პოლიციელის საფრანგეთში სპეციალური მისიით გაგზავნით. ამავდროულად, მხარეებმა გაითვალისწინეს რა საკითხის კვლავ აქტუალობა, ხაზი გაუსვეს ამგვარი თანამშრომლობის მეტად გაძლიერების მნიშვნელობას.
მხარეები ასევე მიესალმნენ 11–12 დეკემბერს, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მიღებული ოპერატიული ღონისძიებების შემდგომი გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის მიზნით.
გარდა ამისა, საფრანგეთში სამედიცინო დახმარების მოთხოვნების უფრო მეტად ინფორმირებულ საფუძველზე განხილვის მიზნით, შეთანხმდა გამარტივებული პროცედურა საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ სათანადო ინფორმაციის გაზიარებისთვის.                                     
  მხარეებმა შეაჯამეს თანამშრომლობის შედეგები ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობის უფლების და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების კონტექსტში, რომელიც ძალაში 2019 წლის თებერვალში შევიდა. მხარეებმა განიხილეს ამ შეთანხმების შემდგომი ეფექტიანად განხორციელების გზები, ორივე მხარის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მობილობისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროებში.
 
ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხები
საქართველოს დელეგაციის წევრებს, საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის (MEDEF) წარმომადგენლებსა და ფრანგულ კომპანიებს შორის შეხვედრა წინ უძღოდა დიალოგის ოფიციალურ გახსნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისგან სრული სარგებლის მიღებას. ამის გათვალისწინებით, დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ, რათა მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი შეწყობოდა კონკრეტულ საქმიანობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა, ლოგისტიკა, წარმოება, ენერგეტიკა, ბიზნეს-პროცესებისათვის გარე რესურსების მოზიდვა (BPO), რეგიონალური და მთის განვითარება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა.
საქართველოს და საფრანგეთის მხარეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეულ მზარდ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას და მოუწოდეს ამ პერსპექტიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისაკენ.
 საქართველოსა და საფრანგეთის მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და იმ ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა ახორციელებს.
 
განათლებისა და კულტურის საკითხები
განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი ასპექტების განხილვისას, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) დაარსებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს,   მნიშვნელოვანი მიღწეული პროგრესი ამ უნივერსიტეტის გახსნის მიმართულებით. უნივერსიტეტის მიზანია კავშირების განმტკიცება უნივერსიტეტებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, მაღალი დონის ორმაგი (ფრანგული და ქართული) დიპლომების შემოღებით, საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიულ სფეროში.
მხარეები მიესალმნენ, 2019 წლის 2 დეკემბერს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების თაობაზე კონსორციუმის შესახებ კონვენციის ხელმოწერას.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა, უზრუნველყოს საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსება, გრანტების სახით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებისთვის, განსაკუთრებით, 2020 წლის სექტემბრისთვის დაგეგმილი პროგრამებისთვის (აგროსასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრი, მევენახეობის და ენეოლოგიის მაგისტრი, ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი).
ორივე მხარე მიესალმა ამ პროგრამების აუცილებელი აკრედიტაციისთვის მიღწეულ პროგრესს და კმაყოფილებით აღნიშნა პროექტის კოორდინატორად ფრანგი ექსპერტის დანიშვნა, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თაობაზე ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების ფარგლებში.
ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს და საფრანგეთის განათლების ხარისხის სააგენტოებს შორის გამოცდილების გაზიარებისადმი მხარდაჭერა როგორც  შესაძლებლობების განვითარების ევროპული პროგრამების, ასევე ორმხრივი პროგრამების ფარგლებში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზაობა, შესრულდეს ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ეხება ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას სადოქტოროს შემდგომი სამეცნიერო საქმიანობისთვის, შოთა რუსთაველის ფონდსა და საქართველოს საფრანგეთის ინსტიტუტს შორის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მხარდასაჭერად კონკრეტული საშუალებები, რათა დაეხმარონ ყველა ქართველ მოსწავლეს, სტუდენტს და მკვლევარს, რომელთაც სურთ, ისწავლონ ფრანგული ენა. აღინიშნა, რომ ფრანგული ენის ცოდნით შესაძლებელია საფრანგეთის უმაღლესი დონის უნივერსიტეტებში ჩარიცხვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამეცნიერო, ბიზნესის თუ ჰუმანიტარული მეცნიერება.
მხარეებმა განიხილეს ფრანგული ენის პედაგოგებისთვის სასწავლო პროგრამა და გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი აღზრდისა და შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეების სწავლების სფეროში. 
ორივე მხარე მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საჯარო სკოლებში ფრანგული ენის სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც გამოიხატება მხარდაჭერით სატენდერო წინადადების მომზადებაში (2020 წლის თებერვლის ბოლომდე) ან ეფექტური ალტერნატიული წინადადების მოძებნაში. ამ მიზნით, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
ორივე მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საპატიო სტუმრის რანგში საქართველოს კანდიდატურას 2023 წლის პარიზის წიგნის ბაზრობაზე. ამ კონტექსტში, გათვალისწინებულია ქართული დელეგაციის დაესწრება პარიზის წიგნის 2020 წლის ბაზრობაზე.