დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხზე არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

29.05.19 -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში გაიმართა ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხზე  არასამათავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელობა დაესწრო. კვლევა „ანტი-ლიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში“ განხორციელდა „ლიბერალური აკადემია თბილისი“-ს და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC)-ს მიერ, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’-ს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ეხება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ თანამედროვე ტიპის გამოწვევებს, მათ ანალიზს, რისკების შეფასებას და პრევენციას.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხასიათის კვლევები, რაც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ განწყობებს, სამოქალაქო ცნობიერებას. დღეს სწორედ ასეთი სიღრმისეული ინფორმაცია იყო წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობისთვის და გვაძლევს ნათელს წარმოდგენას, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ არსებულ რისკებს“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. 

თავის მხრივ, ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და განხილული იყო ის თემები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „კარგია, როცა სამინისტროში, მაღალ დონეზე განვიხილავთ მსგავსი კვლევის შედეგებს. ჩვენს გარშემო ძლიერდება რადიკალური, სხვადასხვა ტიპის მოძრაობები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა რისკების წინაშე ვდგავართ და მნიშვნელოვანია განვახორციელოთ მათი ანალიზი.“ - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა. 

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები, ელჩები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.