დისკუსია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად

15.04.2019  ნიდერლანდები- ქ. ჰააგაში ევროპის სახლში, აღმოსავლეთ პარტნიორობისინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაღალი დონის პანელური დისკუსია “10th Anniversary of the Eastern Partnership: Connectivity and Resilience” გაიმართა. ღონისძიების ინიციატორებს და ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში რუმინეთის, საქართველოს, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოები.
 
დისკუსიის ძირითად თემას წარმოადგენდა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში,  ინიციატივიდან 10 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები და სამომავლო პერსპექტივები. მაღალი დონის სადისკუსიო პანელში   „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების  წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებზე და ამ პროცესებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
                                                                                                                
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიდერლანდების სამეფოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დიდიერ ჰერბერტმა, ნიდერლანდების სამეფოში რუმინეთის ელჩმა ბრანდუსა პრედესკუმ და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადრიანა სტანესკუმ.

ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო სტრუქტურების, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.