დრო მოვიდა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებისკენ - დავით ზალკალიანი

30.10.2019 ქ. თბილისი- „მიგვაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად უნდა აისახოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და დრო მოვიდა,  გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებისკენ.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის  გახსნით ცერემონიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ აღნიშნული ფორუმით სრულდება 2019 წელს  “ნატო-ს დღეები” საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადეობის ინფორმირების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
 
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.
 
„ალიანსის მხრიდან ოფიციალურად გაცხადებული და არაერთგზის დადასტურებულია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში წევრობისთვის.“- განაცხადა მინისტრმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  ხაზგასმით აღნიშნა,  რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა და შინაარსობრივად უაღრესად დატვირთულია. ამ კუთხით აღინიშნა 2019 წლის მნიშვნელობა:
 
„2019 წელი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია - ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტები, ისევე როგორც ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში გამორჩეული ადგილი უკავია. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს ურყევი პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში , ისევე როგორც ნატოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მხარდაჭერა. ზალკალიანის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მტკიცედ დგანან საქართველოს ინტერესების გვერდით საერთაშორისო ფორმატებში.
 
მინისტრის განცხადებით, მრავალი წელია ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობენ. მისი თქმით, ალიანსის მხრიდან სათანადოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

„საქართველოს ბოლო 20 წლის მანძილზე საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რითაც ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ის ალიანსის სანდო და ერთგული პარტნიორია. ალიანსის მხრიდან სათანადოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ალიანსი საქართველოს უყურებს როგორც სამაგალითო ქვეყანას, სადაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობებია, რაც ნატოს გააჩნია. ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.“
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას, ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, პოლონეთის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
 
მისივე თქმით, ფორუმი  მოსახლეობის უკეთ ინფორმირების გზებზე მსჯელობას ემსახურება. „ის წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებსა და გააქტიურებული ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე სასაუბროდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
 
ღონისძიებას  ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.