დუბლინში გაიმართა პრეზენტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ

20.01.2020 ქ. დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა ირლანდია“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია.

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ეხმიანება ევროპის კონტინენტზე არსებულ აქტუალურ გამოწვევებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის განმავლობაში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, ხოლო მაისში, თავმჯდომარეობის დასასრულს, თბილისი უმასპინძლებს მინისტერიალს.  

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დონ სექსტონი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროკავშირის განყოფილების დირექტორი, რომელმაც მიულოცა ქართულ მხარეს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა და წარმატება უსურვა თავმჯდომარეობის პერიოდში დასახული მიზნების მისაღწევად. საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისაუბრა ირლანდიის, როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზაციის მთავარი ღირებულებებისადმი ერთგული დამოკიდებულების თაობაზე. 
 
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა ირლანდია“  აღმასრულებელი დირექტორი ნოელ ო’კონელი, რომელმაც ასევე გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით განახორციელებს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციას.  

გამომსვლელთა სიტყვით მიმართვის შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

ღონისძიებას უმასპინძლა ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრების და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე გავრცელდა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების  ამსახველი ბროშურები.