დუბლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

11.04.2019 ირლანდია- დუბლინში, საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება 3 ნაწილისგან შედგებოდა: მასტერკლასი, პრეზენტაცია-ღია ბაზრობა და მიღება. მასტერკლასზე, დეგუსტაციაზე და პრეზენტაცია-ბაზრობაზე მოწვეულნი იყვნენ პროფესიონალები - ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები, სომელიეები; ხოლო საღამოს, ღვინის დასაგემოვნებლად გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.
 
მასტერკლასზე და დეგუსტაციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოები. სააგენტოს წარმომადგენლებმა გიორგი თევზაძემ  და ალექსანდრე გაბუნიამ მაღალ დონეზე ჩაატარეს მასტერკლასი და ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება  დაიმსახურა.
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას და აცნობა ქართული  მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტი ისტორიის,  ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ. პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები.
 
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ანალოგიური ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ირლანდიაში ქართული ღვინის შემოტანისა და გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ ღვინის იმპორტიორი კომპანია „Classic Drinks“,  ღვინის მაღაზია და ბარი “Green Man Wines”, მაღაზიათა ქსელი „Terruire” და „Donnybrook Fair Store”, მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი „Marks & Spencer“, სასტუმროების ქსელი „Clayton hotels”.   ღვინის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების თვალსაზრისით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში  სასურველ შედეგს მოიტანს და გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, მით უფრო ახლა, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.
 
საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისა და ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.