დუბლინში ქართული ლიტერატურის გამოფენა გაიმართა

24.10.2018 ირლანდია - ქ. დუბლინში, დან ლირის ბიბლიოთეკაში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და გამომცემლობა „Dalkey Archive Press” მხარდაჭერით, ქართული ლიტერატურის გამოფენა -  „ანბანით მოთხრობილი საქართველო” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 
საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა. გიორგი ზურაბაშვილმა ქართული ენის, ლიტერატურისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება ასევე გაამახვილა ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიებაზე, ქართული ლიტერატურის სტენდთან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშებს შორის, განთავსებული იყო გამომცემლობის „Dalkey Archive Press” მიერ ნათარგმნი და გამოცემული ქართული წიგნები, რომლებიც დან ლირის ბიბლიოთეკას გადაეცა.
 
ქართული ლიტერატურის გამოფენა დან ლირის ბიბლიოთეკაში 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.