დუბლინში საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე და საქმეთა დროებითი რწმუნებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

27.03.2019 ირლანდია- დუბლინში, საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას და საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ირლანდიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, რომლებიც დუბლინში იმყოფებიან მ/წლის 26 მარტს დაგეგმილ 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ირლანდია-საქართველოს შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით.
 
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დიასპორის წარმომადგენლებს წარუდგინა სტუმრები, მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ჩართულობისთვისა და საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის.
 
დიასპორის კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაინტერესდა ქართული დიასპორის პრობლემებით და მათ წინაშე არსებული გამოწვევებით. მან მადლობა გადაუხდა დიასპორის წარმომადგენლებს, ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი დიასპორა არის დიდი რესურსი და ძალა ქვეყნისათვის.
 
ლევან კობიაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერა აქვს რიგი ახალი პროექტების განხორციელების პროცესში. საელჩოში მოსული სტუმრები მოიწვია 26 მარტს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე დაგეგმილ 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ირლანდია-საქართველოს შესარჩევ მატჩზე დასასწრებად.
 
გოჩა ენუქიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგსა და შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდაზე. განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია უზრუნველყოს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო დიასპორის ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლის საკითხს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მონაწილეობით ეფექტური საინვესტიციო მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას.
 
სპორტის დარგში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამები მიმოიხილა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ სფეროს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
 
დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საელჩოში შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, ისაუბრონ თავიანთ მიღწევებსა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე.
საელჩოში მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო და ტკბილეული დააგემოვნეს.