ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ პრესკონფერენცია გამართა

13.08.2018 ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერეცია გამართა.

ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

ალექსანდრე ნალბანდოვმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე და  ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

პრესკონფერენციაზე მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეო მასალებს.