ელ სალვადორში ოფიციალური შეხვედრებისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

2019 წლის 15-18 იანვარს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ერისთავის ვიზიტი ელ სალვადორში, სამშვიდობო შეთანხმების 27-წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ელჩმა 17 იანვარს შეხვედრა გამართა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარლოს კასტანედასთან. შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებაზე, ასევე ელ სალვადორსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20-წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელ სალვადორი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას.
 
ვიზიტის ფარგლებში 18 იანვარს ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორმან კიხანოსთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის - SICA-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს - აღმასრულებელ დირექტორ ვერნერ ვარგასს და საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ ედგარდო სანდოვალს. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსთან, როგორც SICA-ს დამკვირვებელ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებები და უახლოესი სამოქმედო გეგმები.