„ელჩების კონფერენცია 2018“-ის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა

20.12.2018 თბილისი - საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018“-ის მონაწილეებს დღეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს პარლამენტის როლზე და ჩართულობაზე საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში და საპარლამენტო დიპლომატიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები, რომლებსაც გავლენა აქვს საქართველოზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩების კონფერენცია დაემთხვა ქვეყნისათვის ორ მნიშვნელოვან მოვლენას, პრეზიდენტის ინაუგურაციას და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას. კობახიძის თქმით, ძლიერდება პარლამენტის როლი, იზრდება საზედამხედველო ფუნქციები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა  პარლამენტის ინსტიტუციონალური გაძლიერების მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას. მან ასევე ისაუბრა პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან გაფორმებულ სტრატეგიულ ხელშეკრულებებზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციაზე: „საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ“, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული და რომლითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი საგარეო კურსი, ევროპული და ევროატლანტიკური პრიორიტეტები და „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, რომელიც ასევე ერთსულოვნად იყო მხარდაჭერილი დეპუტატების მიერ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევად. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის მრავალი მიმართულება. იმსჯელეს ახალ ინიციატივებზე.

„ახალი კონსტიტუციის პირობებში საპარლამენტო ზედამხედველობის როლი არის განსაკუთრებით გამოკვეთილი. ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია მუდმივად საქმის კურსში ყოფნა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით და ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა პარლამენტთან იქნება კიდევ უფრო აქტიური. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი და ეს ძალიან ეხმარება ქართულ დიპლომატიას სასურველი შედეგის მიღწევაში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.