ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის - ოფიციალურად გაიხსნა

18.12.2018 თბილისი - თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2018,  ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის - დღეს  ოფიციალურად გაიხსნა.

მოწვეულ სტუმრებს და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მიმართვაში დავით ზალკალიანმა დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს სამთავრობო პროგრამას ეფუძნება:

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გონივრულმა გამოყენებამ, ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის წარმატებულმა პროცესმა და მეგობარ სახელმწიფოებთან მჭიდრო პარტნიორობამ  საქართველო ევროპული ტიპის დემოკრატიად აქცია, რომელიც უმკლავდება თანამედროვე გამოწვევებს და სტაბილურად ვითარდება - სწორედ ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორიენტირი და სწორედ ამ მიზნების შესრულებას ემსახურება ქართული დიპლომატიაც”, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან თანამშრომლობის და საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში შეტანი წვლილი.

დავთ ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამინაის უფლებების დაცვის და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის  კუთხით ქართული დიპლომატიის მიერ გაწეულ ძალისხმევას:

„2018 წლის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსი აქტიურად აცნობდა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და გამოითქვა მზადყოფნა მისი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მიმართულებით: … საქართველო ინტენსიურ მუშაობას ეწეოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და დღეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების თაობაზე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება: ლიეტუვას, ევროპარლამენტის, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის, ირლანდიისა და აშშ-ს მხრიდან, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით მათ.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობების საკითხებს.

„მნიშნელოვანი მიღწევები გვქონდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. მივიღეთ წარმატებული რეფორმების ძალიან პოზიტიური შეფასებები ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან, რაც გამოიხატა საქართველოს მიმართ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით. ამ მხრივ ნიშანდობლივია ნატოს ბრიუსელის სამიტი, რომლის ფარგლებშიც პირველად ჩატარდა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს თემატიკაზე. ნატო-ს სამიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ყველა პრიორიტეტულ და პრაქტიკულ  მიმართულებას, აღნიშნავს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ადასტურებს ალიანსის  მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, კერძოდ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოსთან პრაქტიკულ თანამშრომლობას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებში შედგა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან“- განაცხადა მინისტრმა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას.

მინისტრის განმარტებით 2018 წელი გამოირჩეოდა აშშ-თან ურთიერთობების თვალსაზრისითაც: „2018 წელი გამოირჩეოდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავებითა და მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაციით. წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერით. ამის კიდევ ერთი დასტურია აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცება, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს და გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტის მიღება ხდება აშშ-ის კონგრესში. იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო აქტი ასევე წარმატებით გაივლის შემდგომ პროცედურას და დამტკიცებული იქნება აშშ-ის სენატის მიერ.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაღალი დონის დელეგატების ვიზიტს და მიმდინარე წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს, ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

თამარ ჩუგოშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს თავდადებული საქმიანობისთვის. მან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ძალაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევიდა.

ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. მაღალი დონის მოწვეულ სტუმართა შორის ასევე იმყოფებოდნენ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი  და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში, რომლებიც მოგვიანებით უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციაში.

იხილეთ მინისტრის მისასალმებელი და გამოსვლის სრული ტექსტები