"საკონსულო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტული მათი უფლებების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება იქნება" - ხათუნა თოთლაძე

20.12.2018 ქ. თბილისი- ელჩების კონფერენციის ფარგლებში საკონსულო საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურების საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ  ახალ სერვისებზე, რომლის დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება. ასევე, შეხვედრის ფარგლებში შეფასდა 2018 წლის შედეგები საკონსულო საქმიანობის ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნის დროს აწყდებიან. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საგარეო უწყების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს: „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართული და ინფორმირებული იმ პროექტების თაობაზე, რასაც გეგმავს სახელმწიფო ქვეყნის გარეთ, რომ მათთვის იყოს ეფექტიანი ის მომსახურება, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ადამიანური რესურსის ადგილზე გაძლიერებით“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ხათუნა თოთლაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება იმ უფლებების და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საზღვარგარეთ ყოფნის დროს. „ჩვენ ვაცნობიერებთ პრობლემებს, რომლებიც ადგილზე აქვთ მოქალაქეებს, თუმცა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ, იქნება ის, რომ მოქალაქეებს ადგილზე გავაგებინოთ თუ რას ნიშნავს მათი კანონიერი ინტერესების დაცვა და რა ვალდებულება შეიძლება სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ ჰქონდეს საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით რომ მივაწვდინოთ მათ სხვადასხვა საშუალებით ხმა, გავაგებინოთ თუ რას გულისხმობს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესები და რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს მათ მიმართ.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.