ელჩების კონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

19.12.2018 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე. გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც გავლენას ახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებს, ევროპის ქვეყნებში არსებულ ევროსკეპტიციზმს და „ბრექსიტის“ საკითხს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და ამ კონტექსტში სამომავლო ამოცანებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში ნატალი საბანაძემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე და ამ კონტექსტში ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობებზე.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა სფეროში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა „ბრექსიტის“ მნიშვნელობას და მის შესაძლო შედეგები მიმოიხილა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება , რასაც ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. ელჩმა ასევე შეაფასა პოლონეთის როლი ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართა საფრანგეთში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა თეონა გიუაშვილმა. მან მოკლედ მიმოიხილა საფრანგეთში არსებული პოლიტიკური პროცესები და საფრანგეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.​