ელჩების კონფერენციის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს

18.12.2019 ქ. თბილისი  - ელჩების კონფერენცია 2019-ის  ფარგლებში გაიმართა სესია- „ევროპა ახალი გამოწვევების ფონზე“. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. სესიის ფარგლებში განიხილეს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები.

გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა სფეროში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.
ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა „ბრექსიტის“ მნიშვნელობას და მისი შესაძლო შედეგები მიმოიხილა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება , რასაც ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. ელჩმა ასევე შეაფასა პოლონეთის როლი ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ. მან მიმოიხილა საფრანგეთში არსებული პოლიტიკური პროცესები და საფრანგეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.
გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო- გერმანიის ურთიერთობებზე და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველო- დანიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებზე.​