ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს

18.12.2018 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენციის ფარგლებში გრძელდება  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელთა შეხვედრების ციკლი მთავრობის წევრებთან . კონფერენციის მესამე პანელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

კონფერენცია დაეთმო პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და მსოფლიოს ბაზრებთან ინტეგრაციის  საკითხებს. 

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობაზე, კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო ბაზრის გაფართოების კუთხით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. 

სესიის ფარგლებში, საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ საერთაშორისო პროექტებს, რომელთა განხორციელებაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მოღვაწე თითოეული ქართველი დიპლომატის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს მიერ ჯანდაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად სახელდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობა და თანამშრომლობა უცხოეთში ქართველ ექიმებთან.

ყურადღება ასევე გამახვილდა დიასპორის მნიშვნელობაზე სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტირების კუთხით. ხაზი გაესვა ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საელჩოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ პრეზენტაცია და მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.​