ენების ევროპული დღეების ფარგლებში ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სალეჩოებმა ღონისძიებები გამართეს

10.10. 2018 - ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გრძელდება ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობების ციკლი.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, კანადაში, ინდოეთში, უზბეკეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, ავსტრიაში, სლოვენიასა და ფინეთში ქართული ენის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ოტავაში საქართველოს საელჩომ მოაწყო ქართული ენის კუთხე, სადაც კანადელ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და ანბანს, ასევე, ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ღონისძიების ფარგლებში,  მოსწავლეებისთვის გაიმართა მინი-კონკურსი ქართულ ენაში. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ საღამოში “Long Night of Literatures”. ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს საელჩოს წარმომადგენლების მიერ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის, დამწერლობის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ.

პორტუგალიაში,სლოვენიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ფინეთსა და უზბეკეთში  საქართველოს საელჩოებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.  სკოლის მოსწავლეებს შსაძლებლობა ჰქონდათ  გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ. სტუმრებს, ასევე დაურიგდათ საქართველოს ისტორიის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ბროშურები.

ბრაზილიის ფედერაციულ რესუბლიკაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ ოლენა ტერენტიევამ, ქ. ბრაზილიაში დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების მეუღლეთა ჯგუფთან (GCCM) მოაწყო პრეზენტაცია უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ენების ევროპული დღე  სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება.