ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს- დავით ზალკალიანი

14.03.2019 - ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
 
მისი თქმით, საგარეო უწყებას მყისიერად ჰქონდა კომუნიკაცია  ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
 
„ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მე მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მექნება შეხვედრა, სადაც ყველა დეტალებს განვიხილავთ, ასევე ხვალ ველოდებით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაბრუნდება სოხუმიდან, მასთან უკვე ჩანიშნული მაქვს შეხვედრა, და ბუნებრივია, მისგან მოვისმენ, თუ რა  ინფორმაცია გააჩნია მას. “- აღნიშნა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდეს, სადაც აღნიშნულ ფაქტზე იქნება საუბარი.
 
„ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებაზე, ყველა საერთაშორისო აქტორთან, ასევე აუცილებელია, ავამოქმედოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი გალში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება საუბარი.“-განაცხადა ზალკალიანმა.