ესპანეთის, საუდის არაბეთის და თურქეთის გამოცემები საქართველოს საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

31.05.2018 - ესპანეთის, საუდის არაბეთის და თურქეთის გამოცემებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის 100  წლის იუბილეს თარიღთან დაკავშირებით  საქართველოს შესახებ  პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

ესპანეთის დიპლომატიურ გამოცემაში დაიბეჭდა სტატია მადრიდში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული მიღების შესახებ. სტატიაში გამოქვეყნებულია ესპანეთში საქართველოს ელჩის,ილია გიორგაძის მიღებაზე წარმოთქმული ფრაგმენტები.ელჩი ყურადღებას ამახვილებს 1918-1921 წლებში მიმდინარე მოვლენებზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე და 1921 წლის კონსტიტუციაზე.

არაბულენოვან გაზეთ “AlJazirah”-ში დაიბეჭდა საუდის არაბეთში საქართველოს   ელჩის,გიორგი ჯანჯღავას კიდევ ერთი სტატია სათაურით: „საქართველო აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს“.  სტატიაში ელჩმა  ყურადღება გაამახვილა  საქართველოსთვის ამ თარიღის მნიშვნელობაზე. ელჩმა აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველო -საუდის არაბეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

თურქული გამოცემა  Anadolu Agency ასევე აქვეყნებს საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინტერვიუს. ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს და თურქეთს„შესანიშნავი ურთიერთობები“ აქვთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ელჩი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებზე  და რეგიონული ენერგოპროექტების მნიშვნელობაზე. ირაკლი კოპლატაძე ასევე ხაზს უსვამს თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობას.