ესპანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

6.11.2018 ქ.თბილისი -  საქართველოში  ესპანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ანკარა) ხუან გონსალეს-ბარბამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა გაცნობითი შეხვედრა. ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ასევე, აღნიშნა, რომ ქართული მხარე ასევე უაღრესად აფასებს ესპანური მხარის მხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობის კუთხით. ხუან გუნსალეს-ბარბამ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ესპანეთის ელჩს საქართველოსთან მიმართებაში მტკიცე პოზიციის დაფიქსირებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.