ესპანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისს ეწვია ესპანეთის ელჩი (რეზიდენციით ანკარა) რაფაელ მენდივილი

2017 წლის 9 ივლისს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დაპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მ/წლის 11 ივლისს თბილისს ეწვია ესპანეთის ელჩი (რეზიდენციით ანკარა) რაფაელ მენდივილი, რომელმაც შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში. აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ესპანელი მოქანდაკის კარლოს გარსია ლაჰოზის ძეგლის საზეიმო გახსნაში.

დავით ზალკალიანთან შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველო-ესპანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

მინისტრის პირველი მოადგილე მიესალმა ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.

ესპანეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ესპანეთი შემდგომშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს.