ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თეა ახვლედიანი, ესტონეთის პრეზიდენტმა“ ტერრა მარიანნა”-ს პირველი კლასის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

24.05.2019 ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა ახვლედიანი, ესტონეთის სახელმწიფო ჯილდოთი - “ტერრა მარიანნა”- პირველი კლასის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდა. განსაკუთრებული ჯილდო საქართველოს ელჩს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა 23 მაისს გამართული გამოსამშვიდობებელი შეხვედრისას გადასცა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მაღალ დონეზე შეაფასა 2014 წლიდან დღემდე ესტონეთთან განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და სამომავლოდ დასახულ ამოცანებს; აგრეთვე, უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და ზოგადად რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. ესტონური მხარის მიერ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 
თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ყველა შესაბამის ფორმატში ჩვენი ქვეყნის აქტუალურობის მაღალ დონეზე ხაზგასმის კუთხით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ “ტერრა მარიანნა”-ს ჯვრის ორდენი, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისა და ევროპულ კულტურულ სივრცეში ქვეყნის დაბრუნების აღსანიშნავად, პრეზიდენტ ლენნარტ მერის ინიციატივით 1995 წელს დაარსდა და ის ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გადაეცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული ღვაწლისთვის.


03tt-(1).jpg