ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს სატელეფონო საუბარში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

2019 წლის 3 მაისს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და ესტონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას რეინსალუს შორის. დავით ზალკალიანმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ესტონელ კოლეგას და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები სამაგალითოა და წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრისას თავის ქართველ კოლეგას დაუდასტურა, რომ მიუღებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამ მხრივ ესტონეთი თავისი მტკიცე პოზიციის ერთგულია. ესტონეთი სამომავლოდაც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.
ესტონეთი, ასევე, ერთგულად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო საერთო ევროპული კლუბის წევრი გახდეს.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას გამოთქმული მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს მინისტრები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დავით ზალკალიანმა თავისი კოლეგა მოიწვია 2019 წლის 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ დასასწრებად, რომელიც მიმდინარე წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-10 წლისთავს ეძღვნება.