ესტონეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

13.08.2018 ესტონეთი - ესტონეთის ომის მუზეუმში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი  მიძღვნილი ფოტოგამოფენისსაქართველო 2008“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც  10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა  საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა  და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.

ელჩმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ წარმოაჩინა რომ შესწევს ძალა მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე. მან მადლიერებით აღნიშნა ესტონეთის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა გენერალმა ანტს ლაანეოტსმა, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ გენერალი ლაანეოტსი, „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - გამომწვევი მიზეზები და ქვეტექსტი“ ნაშრომის ავტორია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის ომის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით 8 აგვისტოს გაიხსნა და მომდევნო 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფოტო-გამოფენა მომზადებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა” და „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ და მისი თავდაპირველი ვერსია გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში.