ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საელჩოს საზეიმო მიღებით აღინიშნა

23.05.2017, ტალინი - ტალინში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნად, ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, საელჩომ საგანგებოდ მოიწვია ესტონელი შემსრულებლები, რომლებმაც შეასრულეს როგორც ქართული, ისე ესტონური რეპერტუარი. მიღებაზე ახალგაზრდა ესტონელმა მომღერალმა, შეასრულა საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ჰიმნები, ხოლო ცნობილმა ესტონელმა ჯაზ მუსიკოსებმა ვილლუ ვესკიმ და ტიიტ კალლიუსტემ შეასრულეს ქართულ და ესტონურ მოტივებზე საგანგებოდ მიღებისთვის შექმნილი კომპოზიცია. სადღესასწაულო დარბაზში მოეწყო სპეციალური ქართულ-ესტონური კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული და ესტონური ტრადიციული ნაკეთობები და ნივთები. მიღების მსვლელობისას, ეკრანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეომასალა. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. ღონისძიების დასაწყისში, ელჩის მიერ სტუმართა მიღება წარიმართა ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სტუდენტთა მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის თანხლებით.

სადღესასწაულო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, რომელიც ეხმიანება ევროპულ საქართველოს, ამავდროულად წარმოაჩენს როგორც ქვეყნის ევროპულ ისტორიას, ასევე მიღწევებს, სამომავლო ევროპულ მისწრაფებებს და მის მნიშვნელობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ადგილობრივი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური, კულტურული, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ესტონეთში ქართული დიასპორა.

საელჩო დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და საგანგებოდ მომზადებული ქართული სამზარეულოს კერძებით, რომელიც გაფორმებული იყო სხვა ქვეყნების სამზარეულოების ელემენტებით.

ტალინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კომპანია ქართული მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომი".