ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27.05.2019 ესტონეთი- ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორული ორგანიზაციის „ქართული სახლის“ ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონცერტზე შესრულდა ქართული ფოლკლორული სიმღერები და ლექსები, ასევე საკვირაო სკოლა „მზიური“-ს აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ქართული ეროვნული ცეკვები.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა და ორგანიზაცია „ქართული სახლის“ თავმჯდომარემ, ლევან გორელაშვილმა.
თეა ახვლედიანმა, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობებში სათვისტომოს როლს გაუსვა ხაზი. საუბრისას თეა ახვლედიანმა პატივი მიაგო საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიატანეს და იბრძოლეს საქართველოს ერთიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის; ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი პატივისცემა, ტოლერანტობა, ერთიანი ევროპული ფასეულობები და ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.
 
თეა ახვლედიანი დაემშვიდობა ესტონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.