ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

13.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა.   

ადგილზე არსებული ვითარება ეუთო-ს გენერალურ მდივანს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის  მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში.