ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა დაგმო

17.02.2017 - ​2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. 

ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. 
 
მუდმივი საბჭოს სხდომაზე  ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს ე.წ.რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალის განზრახვა. ქართული მხარის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ტერიტორიას სრულად აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალა და  ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობა გამოდევნილია, არის უკანონო.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს. საქართველოს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ქართულმა მხარემ ასევე თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო ზომები მიიღოს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საპასუხოდ და არ დაუშვას  ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია, რათა არ მოხდეს ანექსიის კიდევ ერთი  პრეცედენტი ევროპაში. 
 
ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. 

აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი უკანონო ე.წ. „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს, რომელიც იმართება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მისი განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ნდობის აღდგენის პროცესს.

აზერბაიჯანის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ „რეფერენდუმი“ აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან  გადაადგილებულ პირთა რიცხვი დიდია, მის შედეგებს ვერ ექნება სამართლებრივი ძალა.
უკრაინის დელეგაციამ, მოუწოდა რუსეთსა და მის მარიონეტულ რეჟიმს თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რაც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს მის შედეგებს და მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მისი განცხადებთ, მსგავსი უკანონო ნაბიჯები ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას,  შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა ნაკისრი ვალდებულებები და ასევე,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. 

ნორვეგიის, კანადის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისა დელეგაციებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ იზიარებენ ქართული მხარის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონისათვის რუსეთის რეგიონის მსგავსი სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ რეფერენდუმის დანიშვნაზე და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია რეგიონის რუსეთის ფარგლებში ინტეგრაციისკენ. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი ასევე დააყენა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე.
 
 
თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31   1 2    3    4 5
6    7  8   9   10    1112
13    14     15   16 17    18 19
20     21        22 23    24    25   26  
27  2812345
6789101112