ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

2018 წლის 18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული.
 
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ.

როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 10 წლისთავის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, IPRM-ის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობა.

ქართული მხარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, აშშ-მ და ასევე, მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევის ფაქტს და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ. ამის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების და შესრულების, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

მუდმივი საბჭოს სხდომის მონაწილეებს ეცნობათ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია და გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთსა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ.

ხსენებულ საკითხზე სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ასევე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროს, ალბანეთის, ისლანდიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ლიხტენშტეინი, სან მარინოსა და უკრაინის სახელით), აშშ-ს, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ;  შეშფოთება გამოითქვა IPRM-ის გალის შეხვედრის შეჩერებისა და სექტემბერში, ერგნეთში შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით, რაზეც მოუწოდეს ყველა მხარეს განაახლონ მექანიზმის რეგულარული შეხვედრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს შეღწევის აუცილებლობა. გამომსვლელებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედროების განთავსებითა და ადგილზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს რეგიონებში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის, უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის თაობაზე. აგრეთვე, დელეგაციამ აღნიშნა, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა და აფხაზეთში შემოღებული ე.წ. „დოკუმენტები“, ხელყოფს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.   
 
აშშ-ს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეშფოთება რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში, აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ სამხედრო ძალების 2008-წლამდე პოზიციებზე გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.