ევროინტეგრაცია გვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში - დავით ზალკალიანი ვარშავის ფორუმზე

 
24.10.2018 პოლონეთი- საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, როგორც საქართველოს განვითარების მთავარ ქვაკუთხედზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც პოლონეთის, ლიეტუვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მინისტრების სესიაში ევროპის უსაფრთხოებასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე.
 
ევროპის უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებთან ისაუბრა 2008 წელს მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება. მისი განცხადებით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა შეაგუოს ე.წ. ახალ რეალობას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სახით, რაც დაუშვებელია.
 
„სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტიური ანექსიის პროცესი და გვესმის  ახალი ნარატივი, რომლის გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ საქართველო სხვაა, რომ ის არ არის უკრაინა და რომ, მათი გადმოსახედიდან, ის რაც საქართველოში ხდება ახალი რეალობაა, ახალი რეალობა არის თითქოს ის, რომ არსებობს ორი ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო - ცხინვალი და აფხაზეთი, ხოლო მათი რჩევა ქართველებისთვის არის ის, რომ ისინი უკეთ შეეწყონ ამ ახალ რეალობას, იცხოვრონ ამ ახალ რეალობასთან ერთად. მაგრამ ამასთან შეგუება დაუშვებელია, პირველ რიგში, ჩვენი, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჩვენ - საერთაშორისო საზოგადოებამ  არ უნდა დავხუჭოთ თვალი რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი ზრდის შეიარაღებას სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს პასუხი ოკუპაციაზე არის სამშვიდობო პოლიტიკა, და ის სამშვიდობო ინიციატივები, რაც ემსახურება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევებისა და შესაძლებლობების გაზიარებას.
 
დავით ზალკალიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართებად დაასახელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება  გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ასახულია მთავრობის პროგრამაში 5 მთავარ პრიორიტეტს შორის.
 
„ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არის მართლაც საინტერესო და      სარგებლის მომტანი. ჩვენ გვესმის, რომ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, არ წარმოადგენს გაწევრიანების შეთანხმებას. უფრო მეტად, ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპასთან საქართველოს თანმიმდევრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასოცირებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, რათა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოება, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც დაცულია ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ებრძვის კორუფციას და სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზება, ევროპეიზაციის პროცესი არის სწორედ ის, რასაც ვთავაზობთ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და ძალისხმევას ამ გზაზე და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, როდესაც ამ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მისწრაფებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენება.
 
„სხვადასხვა ქვეყანას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სხვადასხვა დონე აქვს. როგორც მოგეხსენებათ არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესანიშნავი ფორმატი,  ახლახან შედგა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგში, სადაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ცხრაწლიანი მუშაობის შედეგები შევაჯამეთ, 2019 წელს  აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნება, ერთი რამ ცხადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნები ინტეგრაციის განსხვავებულ დონეს ავლენენ.  დიფერენცირების პრინციპი უნდა შენარჩუნდეს“  - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
 
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის პროცესში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა მოახდინოს მეტი ფოკუსი რეგიონზე და გამოიყენოს ის შესაძლებლობები რასაც როგორც საქართველო, ასევე აღმოსავლეთით  ცენტრალური აზიის ქვეყნები სთავაზობენ.
 
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა მოახდინონ რეგიონზე.  ფაქტია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელსაც საკვანძო  გეო-პოლიტიკური ადგილმდებარეობა უკავია.  საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბევრი მასშტაბური სტრატეგიული ენერგო-პროექტი ხორციელდება. საქართველო კასპიის ნავთობითა და გაზით მდიდარ რეგიონს ევროპასთან  აკავშირებს.   მართლაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებთან ჩართულობის გაძლიერება. საქართველო ასრულებს კარიბჭის  როლს რვა გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის. ევროკავშირის მხრიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩართულობის გაძლიერებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“-განაცხადა მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მინისტრების სესიზე მონაწილეობისას.