საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის ერთობლივ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

5.04.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის გენერალური დირექტორატისა და ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ერთობლივ დელეგაციასთან.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ევროკავშირის ერთობლივმა დელეგაციამ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. იგი ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, უვიზო რეჟიმის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების აღსაკვეთის მიზნით.

შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.