ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

12.09.2018 ქ.თბილისი - ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა. 
 
დავით ზალკალიანმა კარლ ჰარცელს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები და დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს გააცნო მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის კოლეგიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე და ხაზი გაუსვეს მოსამზადებელი პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას. 
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში ევროკავშირის ჩართულობაზე.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.