ბუდაპეშტში ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ენა პირველად იქნა წარმოდგენილი

23.09.2019 უნგრეთი - საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში European Language Cocktail Bar, რომელზედაც, წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ენა.
 
ქართული ენის კუთხემ ღონისძიების სტუმრების გამორჩეული ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და დამწერლობას, ტრადიციებსა და კულტურას, ქართული ასოებით დაეწერათ საკუთარი სახელები და ღონისძიებისათვის დამზადებულ საგანგებო „ვიზიტორის პასპორტში“ მიეღოთ საქართველოს „ვიზიტორის ბეჭედი.“
 
ღონისძიების ფარგლებში ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის კავკასიური სწავლების სპეციალისტმა ბენედეკ ჟიგმონდმა ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა.
 
ღონისძიების დასასრულს მოეწყო საპრიზო ლატარეა, რომელზედაც, სხვა პრიზებთან ერთად, გათამაშდა საელჩოს მიერ შერჩეული ქართველი ხელოვანის სერგო თბილელის მინაზე შესრულებული ნახატი.
 
ღონისძიებას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთისა, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის კულტურის ინსტიტუტები, 800-მდე სტუმარი დაესწრო.