ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - „საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტსიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განმარტა, რომ ეს სურვილი ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიხატოს საქართველოსთან თანამშრომლობაში, ინვესტიციებით, უვიზო რეჟიმის შემოღებით, რაც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

 

ტიმერმანსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაფართოებასთან დაკავშირებით რეალისტური მიდგომა. მან დასძინა, რომ მისი გადმოსახედიდან, ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებით უნდა დაიწყოს და კავკასიაზე გავრცელდეს.

 

21 თებერვალს ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომლის დროსაც მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვებით მიმართეს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრენდან სმიტმა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ ჰილი-რეიმ.