ევროპარლამენტის ვიცე -პრეზიდენტი: „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე“

18.10.2017 ბრიუსელი - „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე“-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი) საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისი განცხადებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე  საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები. 
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს,    ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს  მნიშვნელოვანი როლი აქვს.
 
„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ.  ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის  კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად,  უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა“ - აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. 
​