„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიმართება

7.05.2018 ქ.თბილისი - „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“  გაიმართება. სემინარში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე  მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოს  ევროინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებსა და შესაძლებლობებზე, ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
 
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სემინარის მონაწილეების სიტყვით მიმართავს და  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
 
მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ფეტი და ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი. 
 
აღსანიშნავია, რომ სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულები თვის ბოლოს, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“ მხარდაჭერით ესტონეთში გაემგზავრებიან.
 
ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
 
აღნიშნული პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
 
პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება.
 
„ევროპის დღეები 2018“  5 მაისს დაიწყო 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.