ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდა

8.05.2019 ქ. თბილისი- საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ - გახსნის ოფიციალურ  ცერემონიაში.

მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.  „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სემინარის ფარგლებში თქვენ შეიტყობთ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მიღებული ცოდნა და უნარები კი საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმოთ და განახორციელოთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში,“-განაცხადა მინისტრმა

ღონისძიების ფარგლებში,  დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე,  მათ შორის ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატებზე, რაც საქართველოს გააჩნია.  ამასთან ზალკალიანის განცხადებით,  მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის განვითარება ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა  და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მყარი გარანტი “ამის თქმის საფუძველს იძლევა ის კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ევროპული ინტეგრაციის პროცესისგან მიიღო.“-განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო და ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზაზე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, საქართველოს გაეროს ასოციაციასა და  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მხარდაჭერისთვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ორდღიანი სემინარი: „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east)“ პროექტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაც მონაწილეობენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი სემინარის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰერცელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა.
სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას მონაწილეები გამოიყენებენ დაგეგმილ პროექტებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.