ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის შესახებ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე პრინციპულ პოზიციას ასახავს

31.10.2019  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 37-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია და რეკომენდაცია „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაში“.
 
რეზოლუცია და რეკომენდაცია ეყრდნობა კონგრესის წევრების - მარიამ ჰოლინგერისა (შვეიცარიის კონფედერაცია) და ოლექსანდრ სინკევიჩის (უკრაინა) მიერ მომზადებულ შესაბამის ანგარიშს.
 
რეზოლუციასა და რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ევროპაში, ათწლეულების მანძილზე 4 მილიონზე მეტი ადამიანი, შეიარაღებული კონფლიქტებისა და ძალადობის გამო, იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად თავიანთ ქვეყნებში. ამ კონტექსტში ყურადღება ეთმობა საქართველოს.
 
კერძოდ, ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგად საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მწვავე პრობლემატიკასა და ამ მხრივ არსებულ რთულ გამოწვევებზე.  „საქართველოს შემთხვევაში, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, რომლებიც  1990-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის  შედეგად იქნენ გამოძევებული, კვლავ მოკლებულნი არიან თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესით ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, ართულებს ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომას, ასევე, ოჯახებს შორის კავშირებს და ქმნის იძულებით გადაადგილების შემდგომი ტალღის წარმოქმნის რისკს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
დოკუმენტში ყურადღება არის გამახვილებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე და ხაზგასმულია  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა  როლისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ჩართულობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საქმეში. რეზოლუცია მოუწოდებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს, ხელი შეუწყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობას, მათი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვასა და   შესაბამის სერვისებზე წვდომას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. რეზოლუცია მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული პირების  მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე პრობლემების გადაჭრის საქმეში, ასევე წახალისებულ იქნას მათი ჩართულობა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვ.
 
საგულისხმოა, რომ ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება, კერძოდ, ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საქმეში, იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობისა და კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.
 
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრის, ქ-ნი თამარ ტალიაშვილის განცხადებით აღნიშნული რეზოლუცია არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება - „ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით. ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ რეზოლუციაში უაღრესად პრინციპული და კრიტიკული პოზიცია არის ასახული რუსეთის აგრესიისა და განგრძობადი ოკუპაციის შესახებ. ასევე, ვრცლად არის საუბარი ამ აგრესიის შედეგების შესახებ და საქართველოს გამოცდილებაზე იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის საქმეში.“
 
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის  საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი კახა კალაძე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.