ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა. განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
 
ევროკავშირმა მხარდაჭერა დააფიქსირა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტების მიმართ. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მეშვეობით.
 
განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო და ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აღნიშნულია, რომ თავისუფლების გადაადგილებაზე დაწესებულმა უპრეცედენტო შეზღუდვებმა უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხაზგასმულია, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება არის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბოლო ტრაგიკული მაგალითი. ამასთანავე, ევროკავშირი ხაზს უსვამს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.
 
ევროკავშირმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.
 
ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები როგორიცაა უკანონო დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებებს და იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდას, ისევე როგორც ზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
 
ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნებისა და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.