ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება არის მორიგი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან - დავით ზალკალიანი

3.05.2019 ქ. თბილისი- „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოზე. ეს არის კიდევ ერთი სერიოზული გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ  საქართველოს საკითხი არის ძალიან მაღლა საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროპის საბჭოს დღის წესრიგში.“ - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
 
მინისტრის თქმით გადაწყვეტილება მოიცავს ყველა ძირითად საკითხს, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მასში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ამასთან,  მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება,   მათ შორის გმობს იმ დაუსჯელობას, რომელიც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას,  არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას  გარდაცვალების ფაქტებს.
 
მინისტრის განცხადებით,  გადაწყვეტილება გაფორმდება მაისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალზე.
 
2019 წლის 2 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც  საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ  რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტით ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებსა და მათზე მართლმსაჯულების არასებობის გამო. ამასთან გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე.
 
• ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებულ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას აქტზე“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესებულ შემზღუდველ ზომებზე.
 
• დაფიქსირებულია მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონისთვის.  
 
• ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, კერძოდ ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და პროგრამას - „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს.