ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება

2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ეგიდით, გაიმართა ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქრისტოფერ პინჩერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა.

მინისტრთა შეხვედრას წინ უძღოდა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების ღრმა და ყოვლისმომცველ ხასიათს. იგი ქმნის საფუძველს სამომავლოდ საგარეო, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფართო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის. შეთანხმება, ასევე, უზრუნველყოფს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს მიერ ერთმანეთის ბაზრებზე ყოვლისმომცველ წვდომას და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ისტორიის, მჭიდრო და დინამიური ორმხრივი კავშირების, ასევე საერთაშორისო საკითხებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, მათ შორის, ნატოს წევრობის კუთხით. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასა და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების მტკიცე პოლიტიკის განხორციელების მიმართ პრინციპული მხარდაჭერა. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას.  

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რისი ნათელი დადასტურებაც არის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,  გაერთიანებული სამეფოს სეზონის გამართვა საქართველოში. სეზონი ასახავს თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალური ბრიტანეთის საუკეთესო მიღწევებს, მათ შორის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში. ორივე მხარე მიესალმა 2020 წელს, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს სეზონის გამართვას, რომელიც წარმოაჩენს ქვეყნის მდიდარ კულტურულ ტრადიციებსა და მის თანამედროვე შემოქმედებით პოტენციალს.

მინისტრთა შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა და მისი განგრძობადობის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი ემსახურება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემდგომ განვითარებას. მინისტრები მიესალმნენ უორდროპის დიალოგის მე-6 რაუნდის 2020 წელს, ლონდონში გამართვას.