გაცნობითი შეხვედრა შვეიცარიელ დიპლომატებთან

26.06.2017 თბილისი - 2017 წლის 26 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მ. ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლუკას ბეგლინგერთან და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ივ როსიესთან.

2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც  ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები. 

მინისტრმა ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში  საშუამავლო ფუნქციების შესრულებისათვის.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, შვეიცარიის პოზიტიურ როლს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ  ორ ქვეყანას შორის საჭიროების შემთხვევაში  კონტაქტის დამყარების პროცესში.  მან  მადლობა გადაუხადა შვეიცარელ დიპლომატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ  ქ.მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციისათვის კონკრეტული საკითხების, მათ შორის  საკონსულო სამსახურის  გამართული ფუნქციონირების საკითხში.