გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში საქართველოს თანა-ორგანიზებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის შესახებ პარალელური ღონისძიება გაიმართა

17.09.2019 ქ. ჟენევა - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანა-ორგანიზებით, ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის შესახებ პარალელური ღონისძიება „Ensuring accounatbility for the human rights of women and girls in humanitarian settings: the role of the Human Rights Council” გაიმართა.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჟენევაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალებისა და გოგონების უფლებების მიმართ ანგარიშვალდებულებაზე და აღნიშნულ საკითხში ადამიანის უფლებათა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობაზე.
 
"ქალების და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა საქართველოს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰუმანიტარულ კონტექსტში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგონების უფლებების დაცვას“-  განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. 
 
მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხში ადამიანის უფლებათა საბჭოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე, რომლის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვას. 
 
პარალელურ ღონისძიებას თავმჯდომარეობა და მოდერაცია გაუწია ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალების და გოგონების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ისაუბრა გაეროს სხვადასხვა სააგენტოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქალების და გოგონების უფლებათა დამცემლებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.  
 
„ჰუმანიტარული კრიზისი ამწვავებს გენდერული კუთხით დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხევებს, ასევე ქმნის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების წვდომისადმი დამატებით დაბრკოლებებს.  არსებობს მძიმე ჰუმანიტარულ გარემოში მცხოვრები ქალების და გოგონების უფლებების დარღვევის მაღალი რისკი, რომელიც ასევე ეხება მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს. მნიშვნელოვანია აღნიშული პრობლემის აღმოფხვრაში ადამიანის უფლებათა საბჭოს აქტიური ჩართულობა.  “ -  განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.  
 
პანელისტებს შორის იყვნენ ღონისძიების ორგანიზატორები; ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მრჩეველი, რეპროდუქციული უფლებების ცენტრის წარმომადგენელი, West Point Women for Health and Development Assoocaition-ის პრეზიდენტი და Legal Action Worldwide-ის დირექტორი.  
 
სიტყვით გამოვიდნენ ჟენევაში ახალი ზელანდიისა და შვედეთის ელჩები,  ასევე კანადის, UNFPA-ს, Pan International-ის, ევროკავშირისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში ჩატარდა.  
 
პარალელური ღონისძიების თანა-ორგანიზატორები საქართველოსთან ერთად იყვნენ ჟენევაში ახალი ზელანდიის, შვედეთის, ურუგვაისა და კანადის მუდმივი წარმომადგენლები. ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), რეპროდუქციული უფლებების ცენტრი, UNWomen, International Planned Parenthood Federation (IPPF), Plan International, Legal Action Worldwide (LAW) და სექსუალური უფლებების ინიციატივა (SRI), სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია.