გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

22.03.2019 ჟენევა-ქ. ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება.
 
შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, გაეროს უმაღლესი კომისრის შეღწევა.
 
სხდომის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის,  ლატვიის, ლიეტუვის და ფინეთის წარმომადგენლებმა.
 
განცხადებებში დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


თავიანთ განცხადებებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას. დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ უამღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.  
 
გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რთული ვითარებაა: შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, მიმდინარეობს ეთნიკური დისკრიმინაცია და შეზღუდულია დოკუმენტებზე წვდომა.

ლიეტუვის დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო სამხედრო კონტროლს. აქვე, ლიეტუვის მხარემ ხაზი გაუსვა უკანონო ოკუპაციის შედეგად არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს.
 
ესტონეთის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, რასაც ადასტურებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი.
 
ევროკავშირის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
 
ბულგარეთის დელეგაციამ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება და შეზღუდულია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება.

თავიანთ გამოსვლებში დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობა და მოუწოდეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნული მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა საქართველოს რეგიონებში.

ამასთან, 2019 წლის 22 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 40-ე სესიის დასკვნით დღეს, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვა.