გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

24.03.2017 ჟენევა - 2017 წლის 24 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაერთიანებული სამეფოს, ალბანეთისა და ლატვიის დელეგაციებმა.

ისინი ერთხმად მიესალმნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გააღრმავოს თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისთან და გამოთქვეს სინანული, რომ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევას.
 
ბრიტანეთისა და ალბანეთის დელეგაციებმა  გამოთქვეს შეშფოთება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით – რომელთა შორისაც არის უკანონო დაკავებები, წამება და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.
 
ალბანეთისა და ლატვიის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს  ადამიანის უფლებების საკითხებში  გაერო-ს უმაღლესი კომისრის გამოსვლაზე საბჭოს 33-ე სესიის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის შესვლისა და პერიოდული მონიტორინგის აუცილებლობას.
 
ბრიტანულმა მხარემ  აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დაშვება, რისკენაც მოუწოდებს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია,  დადებით ზეგავლენას მოახდენს ადამიანის უფლებების დაცვაზე.
 
ამავე კონტექსტში, ლატვიის დელეგაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული რეზოლუცია, ასევე წარმოადგენს პრევენციულ ინსტრუმენტს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ.
 
გაერთიანებულმა სამეფომ, ალბანეთმა და ლატვიამ, დააფიქსირეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა წარდგენილი დოკუმენტის მიმართ და  საბჭოს ყველა წევრს დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.