გაეროში პარტნიორებთან განვიხილავთ თუ რა გამოსავალი შეიძლება მოვძებნოთ ე.წ. ბორდერიზაციის და სხვა უკანონო ქმედებების შესაჩერებლად - დავით ზალკალიანი

23.09.2019 ქ. ნიუ-იორკი - დავით ზალკალიანის განცხადებით გაეროში, გენერალური ასამბლეის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე იგი პარტნიორებთან ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს და მოისმენს რეკომენდაციებს თუ რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს არსებული ვითარებიდან, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და სხვა უკანონო პროცესების  შესამცირებლად, რაც უკავშირდება როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო საგუშაგოს აღმართვასა და მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და განსახილველი საკითხების კომენტირებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ პერიოდში ყველაზე მწვავე საკითხი რაც ჩვენს დღის წესრიგშია დგას ეს არის ის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, რომელიც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ამ წუთებშიც. აქედან გამომდინარე იმ ორმხრივ შეხვედრებს, რომელიც მექნება ჩემს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან,  საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან,  მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისათვის, რომ ეს საკითხი იყოს მთელი სიმწვავით დაყენებული და მათთან მიტანილი”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერი რეაგირება უკანონო პროცესებზე და მათი მხარდაჭერა, მაგრამ ამის მიუხედავად ვითარება ცხინვალის რეგიონში კვლავ რთულია და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეკომენდაციები თუ რა დამატებითი ქმედებები შეიძლება იქნას გამოყენებული იმისათვის რომ არ მოხდეს პროცესების შემდგომი ესკალაცია.  მათ შორის, მისი განცხადებით საუბარი შეეხება რუსეთთან არსებული ფორმატების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას  „ბუნებრივია, ჩვენ მათთან გვექნება დისკუსია, რა დამატებითი მექანიზმები და ფორმატები შეიძლება იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია. რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთთან ურთიერთობის რამდენიმე ფორმატი - ჟენევის ფორმატი, კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მაგრამ ფაქტია, რომ ჟენევის ფორმატი გარკვეულწილად არის იმ მდგომარეობაში, როდესაც წინ ვერ მიდის და არ გვაქვს სერიოზული გარღვევა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე. ამიტომ, პირველ რიგში, ამ საკითხებზე მექნება კონსულტაციები პარტნიორებთან”- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად  გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილოებას მიიღებს გენერალურ დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის  ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

დავით ზალკალიანი ასევე სიტყვით გამოვა  ევროკავშირის ინიციატივის - „Good Human Rights Stories“ - ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება  დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამი - მინისტერიალი.  მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.